NEUROPILOT - სპორტსმენები ტრავმის შიშის დაძლევას ვირტუალური რეალობის გამოყენებით შეძლებენ"რაგბის კავშირთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) უკვე დადებული გვაქვს თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გვაძლევს იმედს, რომ მალე "ნეიროპილოტს" საქართველოს ყველა მორაგბე გამოცდის", − NEUROPILOT.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს როგორც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ისე − პროფესიულ საქმიანობას. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ვირტუალური რეალობაა (VR), რომელიც ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სხვადასხვა დარგში აქტიურად მკვიდრდება და სამყაროს აღქმის ახალ შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოში თანამედროვე იმერსიული ტექნოლოგია უკვე წარმატებით გამოიყენება ისეთი მწვავე პრობლემების გადასაჭრელად, როგორებიცაა შფოთვა ათლეტებში, ტრავმის შიში, სტრესი და სხვა. ეს ყველაფერი ძალიან დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს სპორტსმენებისთვის როგორც უშუალოდ ვარჯიშის, ისე თამაშის დროს, ვინაიდან სტრესი მათ სწრაფად რეაგირებაში, ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებასა და ზოგადად, პროფესიულ/კარიერულ განვითარებაში უშლის ხელს. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, შეიქმნა ქართული სტარტაპი NEUROPILOT, რომელიც ციფრული და ვირტუალური ტექნოლოგიების გამოყენებით პროფესიონალ სპორტსმენებს შფოთვის მართვის უნიკალურ, საავტორო მეთოდს სთავაზობს და მათ დაძაბულობის, ტრავმისა და პოსტტრავმული შიშების მოხსნაში ეხმარება. ამასთან, აპლიკაცია სპორტსმენებს ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებასა და სპორტულ მზადყოფნაში.

“ნეიროპილოტის”იდეისავტორი ფსიქოთერაპევტი მაია ცქიტიშვილია, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ათლეტებთან. მაიამ შეიმუშავა "წადილის თერაპია" (The Desire Therapy) − თერაპიის უნიკალური მეთოდი, რომელიც ვიზუალიზაციის სავარჯიშოებზეა დაფუძნებული. ახალი მიდგომა იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ათლეტებისთვის შფოთვის მართვისა და თავდაჯერების გაზრდის კუთხით, რომ მაიამ გადაწყვიტა, ის ხელმისაწვდომი გაეხადა ყველა ათლეტისთვის, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს. სწორედ ამ მიზნით, ანტრეპრენერმა აღნიშნული მეთოდი ქართულ სტარტაპ VRex-თან პარტნიორობით, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით, გააციფრულა.

"ვინაიდან"ვირექსი"2014 წლიდან ვირტუალური რეალობის სფეროშია, ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა სხვადასხვა დანიშნულების ვირტუალური რეალობის აპლიკაციების შექმნაში. ასე დაიწყო 2022 წელს ჩვენი და "ნეიროპილოტის"დაკავშირება.

აპლიკაციაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა.პირველესად, მაიას უნდა შეემუშავებინა ისეთი სცენარი, რომელიც ჩვენი პირველადი სამიზნე მომხმარებლებისსპორტსმენების,წარმოსახვისთვის მისაღები იქნებოდა. ამისთვის მაიამ განვლილი 700-ზე მეტი სესია გააანალიზა და შეიმუშავა მათი "განზოგადებული" სცენარი. შემდეგ საქმეში ჩაერთო ნიჭიერი მხატვარიმაკა ზედელაშვილი, რომელმაც მაიასთან მჭიდრო თანამშრომლობით შეძლო სცენარის ზუსტად ასახვა კონცეპტუალურ ჩანახატებსა და ესკიზებში. შეიქმნა ანიმაციის ე.წ. სთორი ბორდი (Story Board) და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი გადაეცა დეველოპერებს და სამგანზომილებიანი ანიმაციის სპეციალისტებს,რომლებმაც "ნეიროპილოტის"ანიმაცია შექმნეს. სანამ უშუალოდ მუშაობას დავიწყებდით, თავად გამოვცადეთ მაიას თერაპია და ეს ჩვენთვის ისეთი შთამბეჭდავი გამოცდილება იყო, რომ "ნეიროპილოტის"გუნდს შევუერთდით და დავიწყეთ მუშაობა VR-აპლიკაციაზე, რომელიც მიეხმარებოდა ათლეტებს შფოთვის მართვაში",− Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს VRex-ის თანადამფუძნებელი, ნიკოლოზ გოგოჭური.

"ნეიროპილოტის" კონცეფცია ეფუძნება მრავლისმომცველ კვლევებსა და სპეციალისტების პრაქტიკულ გამოცდილებას, რომლის მიხედვით ათლეტებისთვის, განსაკუთრებით კი მორაგბეებისთვის, ერთ-ერთი მწვავე პრობლემა ტრავმის მიღების შიში და შფოთვაა. ანტრეპრენერებმა ათ პროფესიონალ მორაგბეზე ელექტროენცეფალოგრაფიული (EEG) კვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივ მდგომარეობაში მათი შფოთვის დონე საშუალოზე მაღალი, ხშირ შემთხვევაში − საკმაოდ მაღალიც, აღმოჩნდა. "ნეიროპილოტის" აპლიკაციის გამოყენების პროცესში კი შფოთვის დონე საგრძნობლად მცირდებოდა ან საერთოდ აღარ ფიქსირდებოდა. გუნდმა კვლევა განმეორებით 2 კვირაში ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ "ნეიროპილოტის" თერაპიული ეფექტი გრძელ ვადაზეც შენარჩუნებული იყო და შესაბამისად, მორაგბეებში ტრავმის მიღების შფოთვის დონე ისევ დაბალი დარჩა.

"აპლიკაციაზე მუშაობის პროცესში, გადავწყვიტეთ,პირველეს ყოვლისა,მორაგბეები აგვერჩია სამიზნე სეგმენტად, ვინაიდან გამოკითხვებიდან აშკარა იყო, რომ მათთვის ტრავმის შიშიც და შფოთვაც მეტად მწვავე პრობლემაა. მაგრამ რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღმოვაჩინეთ, რომ მორაგბეები ძალიან ღია და სიახლეების მიმღები ადამიანები არიან (რამაც პირადად მე ძალიან გამახარა, რადგანაც რაგბიუზომოდმიყვარს და ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ ჩვენს მორაგბეებს). პირად საუბრებში სპორტსმენები გვიყვებოდნენ, რამდენად შეიცვალა მათი შეგრძნებები ვარჯიშებისდა თამაშების დროს,და რამდენად უადვილდებოდათ მათ საკუთარი შფოთვების მართვა. საოცარი მოსასმენი იყო მათი ისტორიები.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო რაგბის კავშირის როლი ამ ყველაფერში, ვინაიდან ამ ორგანიზაციამ საოცარი ღიაობა გამოავლინა ჩვენთან თანამშრომლობის კუთხით. პირველივე სატესტო სესიებისა და შეხვედრების შემდეგ,დაიგეგმა ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელება და შედეგად"ნეიროპილოტს", რაგბის კავშირსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის უკვე დადებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გვაძლევს იმედს, რომ მალე"ნეიროპილოტს"საქართველოს ყველა მორაგბე გამოცდის",− განმარტავს ნიკოლოზ გოგოჭური.

პირველპროტოტიპზემუშაობანახევარიწელიგრძელდებოდა, რაც, თავის მხრივ, საკმაოდ შრომატევად პროცესებს მოიცავდა. ამ დროისთვის შექმნილია "ნეიროპილოტის" პირველი მუშა პროტოტიპი, რომელშიც ჯერჯერობით მხოლოდ ორი თერაპიული ანიმაციისგან შედგება. იდეისა და პროტოტიპის ვალიდაციის პროცესი ახლაც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დღითი დღე უფრო და უფრო მეტ ადამიანს ეძლევა საშუალება, გამოცადოს "ნეიროპილოტი" და მიიღოს შფოთვის მართვის ახალი გამოცდილება. გუნდი აქტიურად ხვდება სპორტსმენებს, იღებს მათგან უკუკავშირს, ისმენს ათლეტების პირად დაკვირვებებს და ინიშნავს მათ შეგრძნებებს. შედეგად, "ნეიროპილოტი" კიდევ უფრო ეფექტიანი ხდება და რაც მთავარია, ბევრად მეტ ადამიანს ეხმარება საკუთარი სირთულეების დაძლევაში.

"ნეიროპილოტის" უკან სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული, საკმაოდ მრავალფეროვანი გუნდი დგას, რომლებიც პროდუქტს სხვადასხვა მიმართულებით ავითარებენ:

  • მაია ცქიტიშვილი − პროექტის ავტორი და ინიციატორი, 21-წლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი. "წადილის თერაპიის" უნიკალური მეთოდის შემქმნელი;
  • თინი მამუჩაშვილი − გლობალური სტარტაპ და ქომუნითი ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მენეჯერი. 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს მრავალი სტარტაპის განვითარებას, მათ ინვესტორებთან დაკავშირებასა და მასშტაბური საერთაშორისო სტარტაპ-ღონისძიებების ორგანიზებას;
  • ანი მამუჩაშვილი − ქირურგიის ექიმი-რეზიდენტი და კვლევების ხელმძღვანელი;
  • ნიკოლოზგოგოჭურიდანიკაროსტომაშვილი−15 -წლიანიგამოცდილების მქონე ანტრეპრენერები და სტარტაპ VRex Immersive-ის დამფუძნებლები. VRex Immersive VR-აპლიკაციების შექმნაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდია, რომელიც 2014 წლიდან მუშაობს ვირტუალური რეალობის აპლიკაციებზე.

2021 წელს "ნეიროპილოტის" გუნდმა Impact Hub-ის პრეაქსელერაციის პროგრამა გაიარა, რომლის შემდეგ, იმავე წელს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროტოტიპირების გრანტი აიღეს და შექმნეს მობილური აპლიკაციის სატესტო ვერსია. მომდევნო წელს კი, იმავე სააგენტოსგან 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტი მოიპოვეს, რომელსაც გუნდი აქტიურად იყენებს მობილური აპლიკაციის გასავითარებლად და VR-ტექნოლოგიის დასანერგად.

ამ ეტაპზე "ნეიროპილოტის" გამოყენება შეუძლიათ სპორტულ ორგანიზაციებს (ფედერაციები, კლუბები, ნაკრებები), რომლებსაც ათლეტებისთვის ამ თერაპიის ჩატარება სურთ. დაინტერესების შემთხვევაში, კომპანია "ნეიროპილოტს" უკვეთს სესიებს, სტარტაპერები უწყობენ VR-სტენდს და სპორტსმენებს უტარებენ გამოკითხვებს, რითაც მათი შფოთვის დონე დგინდება და ამის შესაბამისად უტარდებათ "ნეიროპილოტის" თერაპიაც. თერაპიის შემდეგ ხელახლა იზომება შფოთვის დონე და გროვდება განახლებული უკუკავშირი ათლეტებისგან.

"აღნიშნული პროტოტიპით აქტიურად ვატარებთ სატესტო სესიებს, ვიღებთ უკუკავშირს და ვამზადებთ პროტოტიპს ბაზარზე გასასვლელად.მომდევნო თვეების განმავლობაში ვგეგმავთ რამდენიმე სპორტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ჩავატაროთ ნეიროპილოტის სეანსები და დავაგროვოთ პირველადი გამოცდილება. მსოფლიოში ასობით ათასი პროფესიული სპორტული ორგანიზაცია და გუნდია, სადაც მილიონობით პროფესიონალი სპორტსმენია დაკავებული და მათ რეალურად უდგათ შფოთვისა და ტრავმის შიშის პრობლემები. ჩვენი პირველადი მიზანი ამ ადამიანების დახმარებაა და წელს უკვე დაგეგმილი გვაქვს უცხო ქვეყნების სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობა. ამ გზაზე აქტიურად გვიჭერენ მხარს როგორც საქართველოს ინოვაციებისდა ტექოლოგიების სააგენტო, ისე საქართველოს რაგბის კავშირი", − აღნიშნავენ "ნეიროპილოტში".

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გუნდში მიიჩნევენ, რომ პროექტი საკმაოდ გრძელი და საინტერესო გზით განვითარდება. უპირველესად, ანტრეპრენერები "ნეიროპილოტში" ინტეგრირებული კონტენტის გამრავალფეროვნებას გეგმავენ, რაც მათ მისცემთ საშუალებას, დაეხმარონ არა მხოლოდ ათლეტებს, არამედ სხვა სეგმენტებსაც. ამასთან, სამომავლოდ, შფოთვისა და ტრავმის შიშის გარდა, სხვა პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო თერაპიული კონტენტის შექმნაც იგეგმება."ჩვენი საბოლოო მიზანი არის ის, რომ "ნეიროპილოტით"სარგებლობა შეეძლოს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს VR-სათვალე და აწუხებს ნებისმიერი პრობლემა, რასაც "ნეიროპილოტი"ინოვაციური მეთოდით ჭრის. ჩვენ გვჯერა, რომ "ნეიროპილოტი"არის ზუსტად ისეთი ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ყველა ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა",− განმარტავს ნიკოლოზ გოგოჭური.

Wavy Line
ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

Internet Society Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი, Google Developer Students Club-ის Lead-ი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მარკეტინგის კოორდინატორი, Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი

Related Topics

Business News

მამობა, როგორც ლიდერობა!

როგორ იქცევა მამა ოჯახში? როგორ ექცევა საკუთარ მეუღლეს? როგორ ართმევს თავს წინააღმდეგობებს?